27 August 2008

17 August 2008

ფაქტიურად, კურიოზი

ახლა, ერთი კურიოზი უნდა გაგიმხილოთ. ეს კურიოზი უბრალო კურიოზი კი არაა, არამედ ჭკუის სასწავლებელი კურიოზია.

წაიკითხეთ და ისწავლეთ ჭკუა!

ერთხელ, მე, მითრიდატეჲ და კიდევ, ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი შატალოზე ნარიყალაზე ავედით (ოდესღაც, ჩვენ სამნი ”საძმოდ” ვიწოდებოდით) და რა თქმა უნდა, ლუდიც ავიტანეთ. მე ”ჰერცოგი” მქონდა (დაიმახსოვრეთ), მითრიდატეჲს - ”გერმანული”, ხოლო მესამე მეგობარს ლუდი საერთოდ არ ჰქონია. ამ დღეს, კარგად შევზარხოშდით მეც და მითრიდატეჲც, სავარაუდოდ. კი არ დავმთვრალვართ, მაგრამ ძალიან კარგ ხასიათზე მოვედით, როგორც ალკოჰოლს სჩვევია (ახლა იწყება კურიოზი).
მე ჩემი ”ჰერცოგის” ნარჩენებს ვწრუპავდი. მითრიდატეჲ თავის ”გერმანულს” შეექცეოდა. საერთო მეგობარს კი ნარიყალაზე ”ეძინა” (ამ დღის მერე, ერთი პერიოდი, ტრადიცია დამყარდა, რომ ნარიყალაზე ასულებს აუცილებლად უნდა ”დაგვეძინა”. მართლა კი არ გვეძინა ბალიშებით და საბნებით, უბრალოდ, ვწვებოდით, თვალებს ვხუჭავდით და ვითომ გვძინავს). სწორედ, ამ დროს უდიადესი სიბრძნე მიაწვა ჩემს გონებას. ლექსი უნდა მეთქვა. და ამოვთქვი:
ჩემი ”ჰერცოგი” მთავრდება ნელა-ნელა,
და ეს მზეც ჩადის!
წარმოიდგინეთ, ნარიყალა, სიმშვიდე, ხალიხია გარშემო და თან, რაც ყველაზე მთავარია, დღეა (რა დროს მზის ჩასვლაა)!!!!!!!!!! ატყდა ხარხარი. ეს რა იცის ხანდისხან სიმთვრალემა. აეუფ!


დასკვნა: თუ არ გინდათ მსგავსი სიბრძნეები თქვენც წარმოსთქვათ და გარშემო მყოფნი ”გეკაიფნონ”, თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელებისგან ან იმათ დაალევინეთ მეტი.

ნარიყალა -ადგილი კეთილი


შეუძლებელია თავი შეიკავო ისეთი მშვენიერი ადგილის აღწერისაგან, როგორიცაა ნარიყალა. ამ ისტორიული ადგილიდან ხომ მშვენიერი ხედი იხსნება საქართველოს დედაქალაქზე, თბილისზე. მოსჩანს სამება, მეტეხი, მტკვარი, ქართლის დედა, რუსთაველი, ევროპის მოედანი და უამრავი ნგრეული სახლი. ეს ყოველივე კი იმდენად რომანტიკულია, რომ მთელი თბილისის შეყვარებულებს ამ ადგილისაკენ იზიდავს და თბილ ამბორში სძირავს (თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ნარიყალაზე, ალბათ, მიხვდებოდით, რასაც ვგულისხმობ).

ქალაქური ატმოსფერო სუფევს ნარიყალაზე.

ეს ყოველივე რომ არც იყოს, ნარიყალა ხომ ჩვენი ანუ მითრიდატეჲსა და ჩემი, საყვარელი საშატალოვე ადგილია (იყო, საღაა ახლა შატალო... ფაფუ სკოლა!).

ჯერ კიდევ მაშვინ, როდესაც სკოლაში ვმოღვაწეობდით და ჩვენი სწავლით სასწავლო ნაწილის აღფრთოვანებას ვიწვევდით, ჩვენ დავდიოდით შატალოზე. დიახ, შკოლნიკის ნიღაბი საფარველი იყო ჩვენი შატალოსებრი ცხოვრებისა. ხოლო, ყოველი მიღებული 5-იანი კი, რომელიც კლასის ჟურნალში ჩვენი სახელების გასწვრივ ამაყად იდგა, წარსული დამსახურებების შედეგი და მოსავალი.

ნარიყალაზე ასვლა შემთხვევითი როდი გახლდათ. ეს თვით ზევსმა მიგვანიშნა.

ერთ უბრალო დღეს, მე-9 კლასში (უფ, რა დრო იყო ”შუშანიკის წამებას” რომ ”ვსწავლობდით”...), გადავწყვიტეთ შატალოზე წავსულიყავით. იმ დროს, ერთ ინტერნეტ კაფეს შევეჩვიეთ და ყოველ შატალოზე იქ მივბრძანდებოდით. ძალიან მნიშვნელოვანი მისია გვქონდა ჩვენ ამ ინტერნეტ კაფეში. კერძოდ, იაჰუ მესენჯერის ჩატში შევდიოდით და ხალხს ვეკაიფებოდით (უკომენტაროდ). სწორედ იმ დღეს, ჩვენ ნარიყალაზე გადავწყვიტეთ ასვლა (ეს მართლაც რომ ზევსმა შთაგვაგონა).

მე ერთხელ ვიყავი უკვე იქ, ხოლო მითრიდატეჲ, თუ სწორად მახსოვს (კაცს ღვინო უნდა უყვარდეს...), არა. გზას ადვილად მივაგენით, თუმცა, ბევრი ვიარეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბევრი სიარულის შემდეგ დაინეგრა ასეთი ტრადიცია, რომ ნარიყალამდე და ნარიყალაზეც თითქმის ყოველთვის ფეხით მივდიოდით (და მივდივართ) ჩვენი სახლებიდგან. ავტობუსის ფულის ეკონომიას ვაკეთებდით (მერე იმ ფულს ლუდის ყიდვაში ვხარჯავდით) და თან ჯანმრთელობას ვიმატებდით (ჩვენგან ნარიყალა საკმაოდ შორსაა).

როდესაც იქედან ჩამოვედით, ინტერნეტ კაფეში მაინც წავედით. მაგრამ! მას შემდეგ ინტერნეტ კაფეში შატალოზე თითქმის აღარც კი წავსულვართ. ნარიყალა იქცა ჩვენს მუდმივ თავშესაფრად. ავიდოდით ხოლმე, ლუდს და ცოტა საჭმელს ავიტანდით და კარგად მოვილხენდით. ხანდახან, რომ ჩამოვიდოდით, იქვე ახლოს კარგი თონეა, იმ თონეში ან შოთს ვიყიდიდით ან ლობიანს ან კიდევ რამეს.

1 August 2008

კატაჲ სახინკლეჲ



ვიდეოსა ამასა ზედა აღბეჭდულ არს კატაჲ სახინკლეჲ. კატაჲ იგი ვჰნახვეით, როს შატალოსა ზედა ვიყავნთ. სახელი იგი კეთილი - სახინკლეჲ, მინიჭებულ არს ჩუენსა მიერ. კატაჲ იგი სახინკლეჲ ჩუენ ჰვნახვეით ეზოსა შინა სადაც ბეური სახინკლეჲ არს. სახელი მისი სწორედ ამის გამო ვუწოდეჲთ. კატაჲ მორჩილ მოუჳდის ჩუენთა და არღარა მოერიდის. და მრქუა მე მითრიდატეჲ, რამეთუ ვიმეგობროთ კატაჲსთან და ვჰრქუე მე მას, ვითარცა თანახმა ვიყავ. ზამთარი აზრობდა იმ ჟამად კატაჲსა და ჩუენ კეთილად შეჳფარეჲთ და მოვეფერეჲთ მას. კატაჲ მიგუეჩუიეს და ხარობდეჲს ვითარცა ბალღი. საათსა ასე ათერთმეტსა დავაგდეით კატაჲ სახინკლეჲ და გავსწიეჲთ ჩუენი გზითა კეთილითაჲ. იმედი გვქონდაჲ, კატაჲ დღესა შემდეგსა დაგვხვდებაჲ მაგრამა არღარა დაგვხვდაჲ, რამეთუ სახინკლეჲ წასულ იყო.
ესე კატაჲ კეთილ არს!
ზევსი ფარავდეჲს კატაჲ სახინკლეჲს.

ლეკვი ანზორა

ეს იყო ტელევიზიასთან. მე და მითრიდატეჲ, სავარაუდოდ, სკოლაში მივდიოდით ფეხით (ან შესაძლოა, შატალოზეც კი), როდესაც წყურვილმა მიხმო. წყურვილმა ყოველთვის ტელევიზიის წინ ჩავლის დროს იცის ხოლმე ხმობა. ტელევიზიის შენობასთან, რომელიც, ალბათ, ყველამ იცით, არის/იყო მცირე წყარო. იქ თავისუფლად შეიძლება წყლის დალევა. სწორედ იმ წყაროსთან ავედით, რათა წყურვილის გრძნობა მომეკლა. წყლის დალევის შემდეგ დავინახეთ, რომ ვეღაც წყაზარი ჭაბუკი, ზუსტად ტელევიზიის შესასვლელთან, პატარა ლეკვს სურათს უღებდა. ლეკვიც მორჩილად იჯდა - არც გარბოდა, არც ცქმუტავდა.

დავინტერესდით ამ საოცარი ლეკვით, მივედით და აღმოვაჩინეთ, რომ იგი უპატრონო იყო. ეს ლეკვი იმდენად სასაცილო იყო, რომ გადავწყვიტეთ, სურათი გადაგვეღო. აი, ამ სურათზე, რომელსაც აქ ხედავთ სწორედ ის ლეკვია აღბეჭდილი. ლეკვი თამამად პოზიორობდა კამერის წინ და ყოველ დაძახებაზე თავს გვერდზე სწევდა. ასე უცნაურად, მრავლისმეტყველად გვიცქერდა იგი ჩვენ. მითრიდატეჲმ ლეკვს ანზორა უწოდა. მას მერე ის ლეკვი აღარ გვინახავს.

გერცი


იყო დრო, როდესაც გერცის ძალიან დიდი გულშემატკივრები ვიყავით. ახლაც მისი ფანები ვართ, მაგრამ ადრე განსაკუთრებით. თანაც ზევსი სწყალობდა გერცს. აი, ეს მშვენიერი წარწერაც ჩვენი სკოლის დაფაზე იმის დასტურია, რომ ჩვენ მისი ერთგულნი ვიყავით. ამ წარწერის გასაკეთებლად უამრავი ცარცი დაიხარჯა. პირველი წარწერა დაფის საშლელის ტირანიას შეეწირა. ხოლო, ეს, მეორე, წარწერა უკვე დავიცავით და სამარადჟამოდ აღვბეჭდეთ ფოტო სურათზედ.
დაე, ამ სურათმა იარსებოს მანამ, სანამ ჩვენ ვართ.

6 July 2008

ლეგენდაჲ იგი კეთილი ფრიად


ერთხელ, ნაპოლეონ მორიგი ბრძოლის შემდეგ მზის ჩასვლას გაჰყურებდა. ამ სურათით მოჯადოებულმა ინატრა, ნეტავ, მეც მზე ვყოფილიყავი, ჩემი მზერა ხალხს არ მობეზრდებოდაო.
ამ დროს, თურმე, ცა გახსნილა და იქიდან საფოსტო მტრედი ჩამოფრენილა. ის მტრედი ნაპოლეონთან მიფრენილა, კონვერტი მიუცია და უკან აფრენილა. კონვერტი რომ გახსნა, ზედ ოქროსფერი ასოებით ეწერა:
მეორედ არ გაბედო მზედ გახდომის სურვილი! ზევსმა მხოლოდ მზეჲ დაადგინა მზედ ჩუენდა და არავის ძალუძლს და ხელ ეწიფების ამის შეცულაჲ და თუ არ დაჰმორჩილდები, გეწვევა ზევსის დიადი რისხუანი და რადგან მე-19 საუკუნეში კამაზი ჯერ არ გამოუგონიათ, თმების ატრუსვა არ აგცდება!

და მას მერე დადუმდა ნაპოლეონ და არღარა იკადრა რისმე გაბედვაჲ და მზისა შედარებაჲ და გაეშურა საჭმელად.

პატარა, არც ისე ნამდვილი ლეგენდა ნარიყალაზე...

ადრე, თურმე, ნარიყლას ციხის ადგილას კუნძული იყო. მას მდინარე მტკვარი გარს ერტყა და გაზაფხულზე მარტო ეს ადგილი გადაურჩებოდა ხოლმე დატბორვას!
ოთხი მგზავრი მიცურავდა გაზაფხულზე ჩერეზ მტკვარი: კენტავრი, ციკლოპი, ადამიანი და ზევსი. მათ იმედი გადაეწურათ, რომ ოდესმე ხმელეთს მიაგნებდნენ და გადაწყვიტეს გაყოფილიყვნენ. ზევსმა დასავლეთით გასცურა, ციკლოპმა აღმოსავლეთით, კენტავრმა ჩრდილოეთით, ადამიანმა კი სამხრეთით. თუ ვინმე მიწას ნახავდა, სხვებსაც წარიყვანდა და იქ დაისვენებდნენ! მოულოდნელად საშიში შტორმი ატყდა, მდინარე ზღვასავით ღელავდა... ტალღები საშინლად ბორგავდნენ და ცამდე იტყორცნებოდნენ! ადამიანიც სწორედ ამ მორევში მოხვდა, გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდა...
მეორე დილით ზევსს, ციკლოპს და კენტავრს, დათქმულ ადგილას რომ შეიკრიბნენ, გაუკვირდათ, ადამიანი რომ არ მოვიდა. თავიდან იფიქრეს, "გადაგვაგდოო", მაგრამ მერე გადაწყვიტეს, სამხრეთით გაეცურათ და ენახათ, რა ბედი ეწია მოძმეს.
ბევრი იცურეს, ძალიან ბევრი და კუნძულს მოჰკრეს თვალი. ნაპირს რომ მიუახლოვდნენ, იქ უგონოდ მიგდებული ადამიანი დაინახეს. მოასულიერეს. ახალი კუნძული ძალიან მოეწონათ და დაარქვეს ნარიყალა. ჯერ კეციადზეს არქმევდნენ (კენტავრი, ციკლოპი, ადამიანი, ზევსი), მაგრამ სახელებს ინიციალები ამჯობინეს და გამოვიდა ნარიყალა (ნაღტარი, რინდგუმი, ყამუზარდი, ლაფოცი. ნაღტარი ციკლოპს ერქვა, რინდგუმი ზევსის ნიკი იყო სკაიპში, ყამუზარდი კენტავრს ერქვა და ლაფოცი, ანუ მოფერებით ღლაფოცი – ადამიანს).
ნუ, მერე იქ ციხე აშენდა და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.შ...



1 July 2008

უნივერსალური განმარტება

ამ სურათზე ნაჩვენებია სიტყვა "sabbatical"-ის უნივერსალური და ყოვლად ამომწურავი განმარტება. ნათელია, რომ ამ განმარტების წაკითხვით ყველა იგებს ამ უცხო სიტყვის შინაარს და ეს ყოველივე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ეს იმდენად დიდი სიბრძნეა, თავი ვერ შევიკავე, რომ თქვენთვის არ გამეზიარებინა. ჰნახვეჲთ და დატკბით. ეს სიბრძნე სხვათა ხალხთაც გაუზიარეთ!!!



30 June 2008

გამონათვამნი კეთილნი ანუ სიბრძნე + (პლუსი)

მფრინავი ციყვის სიბრძნე:
მფრინავი ციყვი ბჭობდა, ზევსი იცინოდაო.

ვჲ.-ს სიბრძნე:
სკოლაში რომ მიხვალ, ისტორიაზე არ უნდა შეხვიდეო.

ზევსის სიბრძნე:
სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან.

ეპიკურეს სიბრძნე:
სანამ ჩვენ ვართ, მანამ სიკვდილი ჯერ არ არის.

მყვართა სიბრძნე:
როდესაც ხედავ, რომ ზვავი მოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება ბუნებრივი მოვლენა. როდესაც ხედავ, რომ ჩამოზვავებაა, ეს იმას ნიშნავს რომ...

მყვართა სიბრძნის გაგრძელება ისტორიამ აღარ შემოგვინახა. კაცნი მეცნიერნი ვარაუდობენ ორ დასასრულს:
...რომ ხდება ზებუნებრივი მოვლენა, რაც გამოწვეულია ზევსის განრისხებით
ან
...რომ ხდება რაღაც ისეთი, რასაც მყვრული გონება ვერ მისწვდება.



სამწუხაროდ, სხვა სიბრძნე ჩვენამდე არ მოღწეულა. ეს სიბრძნეებიც ისეთი ცნობილი ისტორიკოსების მიერაა აღდგენილი როგორებიც არიან პროკლე დობორჯგინიძე, ბახვა ბახვას ძე ბახვაძე, ინოკენტი ფოცხვერაშვილი, ბრძოლვერლდ სიკუნტრულიშვილი და სხვ. სიბრძნეების აღდგენა იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ისინი ჟამთა სვლამ თითქმის მთლიანად გაანადგურა. საჭირო გახდა ზემოთხსენებული ხალხის ჩარევა, რათა ეს სიბრძნე და სიდიადე არ გაჰყოლოდა მდინარის ნიაღვარს!
გულითად მადლობას ვუხდით ამ ხალხს დახმარებისთვის. ზევსი ამ სიკეთეს არ დაივიწყებს!